ტუსკი: ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა

„არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში,“ – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროპა „ომის წინა ეპოქაშია“, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ვიდრე მზად იქნება, წინ აღუდგეს საფრთხეს.

მისი განცხადებით, ახლა ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია და ევროპას მსგავსი ვითარება 1945 წლის შემდეგ არ ჰქონია.


„ვიცი, რომ ეს დამანგრევლად ჟღერს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონებრივად უნდა შევეჩვიოთ ახალი ეპოქის მოსვლას. ომის წინა ეპოქაა. არ ვაჭარბებ. ეს ყოველდღე უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ NATO-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე.


დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.