უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ.
ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„თუ აშშ-ის მხარდაჭერა არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საჰაერო თავდაცვა, Patriot-ის რაკეტები, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები არ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ უკან დავიხევთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა ნაბიჯებით. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, რათა უკან დახევა არ მოგვიწიოს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე ვაშინგტონის რეაქცია პოზიტიური არ იყო.
„ჩვენ საკუთარი დრონები გამოვიყენეთ. ვერავინ გვეტყვის, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. თუ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დასაცავად საჰაერო თავდაცვა არ არის და რუსები მას თავს ესხმიან, ჩემი კითხვაა: რატომ არ შეგვიძლია, რომ მათ ვუპასუხოთ?,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.
თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.
კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.