მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ძალისხმევა არსებული და ახალი სატრანსპორტო ქსელების განვითარებისთვის - ყაზახეთის პრეზიდენტი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR შუა დერეფანი) ეფექტიანად უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვებს აზიასა და ევროპას შორის, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ყოველწლიურად, ჩინეთში იმართება. 


„მნიშვნელოვანია, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ძალისხმევა როგორც არსებული, ისე ახალი სატრანსპორტო ქსელების განვითარებისთვის. მათ შორისაა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ხშირად ცნობილია როგორც შუა დერეფანი, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს მიწოდების ქსელებს აზიასა და ევროპას შორის. გასულ წელს ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა და მან 3 მილიონ ტონას მიაღწია,“ - აღნიშნა თოყაევმა.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდელმა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.