უკრაინის დაცვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება მხოლოდ გაძლიერდება, რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ფონზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში განაცხადა.
„ბუჩის გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ, რუსეთი იმეორებს მასიურ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რათა შეარყიოს ეკონომიკა და უკრაინელი ხალხის გამძლეობა. ევროკავშირის გადაწყვეტილება, დაიცვას უკრაინა, მხოლოდ გაძლიერდება,“ - განაცხადა ევროპელმა პოლიტიკოსმა.
როგორც ცნობილია, 29 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. კერძოდ, დაზიანდა DTEK Group-ის კუთვნილი სამი თბოელექტროსადგური. წინა მასიური შეტევა კი, 22 მარტს მოხდა, დაზარალდა თბოელექტროსადგურები, დნეპროს ჰიდროელექტროსადგურები და მაღალი ძაბვის ქვესადგურები.