გამოცემა Axios-ი თავის წყაროებზე - ისრაელის ორ მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ახალი ინიციატივა წამოაყენა. ინიციატივა გულისხმობს ღაზის სექტორში მრავალეროვანი სამხედრო ძალის განთავსებას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისრაელისადმი კეთილად განწყობილი არაბული ქვეყნების მიერ.
გამოცემა განმარტავს, რომ ისრაელს მიაჩნია, მრავალეროვნული ძალა, რომელსაც არაბული ქვეყნების სამხედროები დააკომპლექტებენ, იქნება ალტერნატივა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასისა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს.
წყაროების ცნობით, მინისტრმა გალანტმა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან - სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან, - შეხვედრისას აშშ-ს ამ იდეის მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა ამერიკელი სამხედროების განთავსება არ უთხოვია.
საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელი სამხრეთი ღაზის დაბომბვას აგრძელებს. ისრაელი საერთაშორისო წნეხის ქვეშაა - მას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ცეცხლი პალესტინელთა წინააღმდეგ, და გააუმჯობესოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. გაერო აცახდებს, რომ ღაზა შიმშილობის ზღვარზეა.
ისრაელური ძალები უტევენ ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰს, რომელიც ღაზის უკანასკნელი ურბანული ცენტრია, რომლის წინააღმდეგაც ისრაელის სახმელეთო ჯარებს ჯერ არ განუხორციელებიათ იერიში.
„ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები 7 ოქტომბერს დაიწყო. ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.