რუსეთიდან უცხოელებს ასახლებენ

რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის გამო, სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს.  ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს. კვირის განმავლობაში, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მიგრანტების აღმოსაჩენად მასობრივ რეიდებს აწყობდნენ, როგორც სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში.


ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქალაქის სასამართლოებში, თითქმის 600 პირის საქმე შევიდა. 418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან ერთად, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილებაც. კიდევ 50 უცხოელს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება დაევალა. "Фонтанка"-ს ცნობით, დეპორტაციის წინ, 418 პირი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ხსენებული ცენტრი მხოლოდ 336 ადამიანს იტევს.


რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს-ი იტყობინება, რომ ტერაქტის დროს 551 ადამიანი დაშავდა. AP-ის თანახმად, ადრე გამოცხადებული რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალი იყო და ეს განსხვავება ჯერ აუხსნელია. თავდასხმის დროს 144 ადამიანი მოკლეს.


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ (ხორასანი) აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. რამდენიმე პირი დააკავეს ასევე ტაჯიკეთში. 24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.