რუსეთი დიდი ხანია, აგროვებს კალიბრის ფრთოსან რაკეტებს, რომელთა გამოყენებაც მას უკრაინაზე თავდასხმისთვის შეულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა უკრაინის ტელევიზიით განაცხადა.
„კალიბრებს“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აგროვებდნენ. ისინი აბსოლუტურად მზად არიან გამოსაყენებლად,“ - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა არ გამოიყენეს „კალიბრის“ რაკეტები, რადგან ისინი ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე X-101 ტიპის რაკეტები.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ კვლავ ვიხილავთ „კალიბრს“, რადგან საგრძნობლად შემცირდა X-101 რაკეტების რაოდენობა,“ - განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, რუსეთმა ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ფლოტის სარაკეტო რეზერვების განახლებას და მათ გარკვეულ რაოდენობამდე გაზრდას.
„მათ ეს დავალება შეასრულეს. ანუ ახლა ტექნიკურად მზად არიან მათ გამოსაყენებლად. ვიდრე ფლოტი აგროვებდა რაკეტებს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები იყენებდნენ X-101-ს," - განმარტა ბუდანოვმა.