აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 31 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარებაზე კენჭისყრას აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამართავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯონსონი მოელის, რომ პაკეტი „რამდენიმე მნიშვნელოვან ინოვაციას“ მოიცავს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაგალითის სახით მოიყვანა უკრაინაზე სესხის გაცემის შესაძლებლობა - იდეა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია არ ემხრობა.
ჯონსონმა ასევე ახსენა უკრაინის დახმარების კანონპროექტი (REPO for Ukrainians Act), რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს და ის უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გადასცეს.
„როგორც იცით, REPO-ს კანონპროექტით, თუ შევძლებთ და რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივებით უკრაინელებს მათთან ბრძოლის შესაძლებლობას მივცემთ, ეს უბრალოდ სუფთა პოეზიაა," - აღნიშნა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.
თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.
კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.