რუსული ეკლესია ნეონაცისტურ ნარატივებს ავრცელებს - უკრაინის ელჩი გაეროში

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგი კისლიცამ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) პრეზიდენტს წინადადებით მიმართა, ჩამოერთვას გლობალური რუსეთის სახალხო კრებას სპეციალური საკონსულტაციო სტატუსი ქსენოფობიური და ნეონაცისტური ნარატივის გავრცელებისთვის. 

„უკრაინა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ „გლობალური რუსეთის სახალხო კრება“, რომელიც ხელს უწყობს რასისტულ, ქსენოფობიურ, ნეონაცისტურ და ნეოკოლონიალურ ნარატივებს, აგრძელებს ECOSOC-ის სპეციალური საკონსულტაციო სტატუსის გამოყენებას," - განაცხადა მუდმივმა წარმომადგენელმა.


27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „გლობალური რუსეთის სახალხო კრების“ ბრძანება (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი) რომელშიც უკრაინის ომს "წმინდა" უწოდეს. მასში ნათქვამია. რომ „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში.“ ფორმალურად, დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თუმცა, VRNS-ის მუშაობაში მონაწილეობს მრავალი საეკლესიო იერარქი და ეკლესიასთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწე.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა უფრო ფართო ნაციონალისტური იდეოლოგია უკრაინის ომისა და რუსეთის ექსპანსიონისტური გეგმის გარშემო.