ჟურნალისტებმა "ჰავანის სინდრომსა" და GRU-ს შორის კავშირი აღმოაჩინეს: შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ყოფილი GRU) მთავარი დირექტორატის სამხედრო ნაწილის თანამშრომლებს შეეძლოთ, ამერიკელ დიპლომატებზე, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებზე გავლენა მოეხდინათ საიდუმლო იარაღით, რომელიც ე.წ. „ჰავანის სინდრომს“ იწვევს. ამ დასკვნამდე მივიდნენ The Insider-ის, ამერიკული ტელეარხის - CBS News-ის გადაცემა 60 წუთის და გერმანული ყოველკვირეული გაზეთ Der Spiegel-ის ჟურნალისტები. 


მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების მოგზაურობის შესახებ მონაცემების შედარებით, ჟურნალისტებმა მკაფიო კორელაცია აღმოაჩინეს. როგორც გამოძიებამ აჩვენა, "ჰავანას სინდრომის" სიმპტომები ამერიკელებში გამოჩნდა იმავე პერიოდებსა და იმავე ადგილებში, სადაც განყოფილება 29155-ის თანამშრომლები მიდიოდნენ.


კერძოდ, გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის აგენტების გადაადგილება ევროპის მასშტაბით 2014 წელს, მაინის ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს თანამშრომლებზე „უცნაური თავდასხმების სერიას“ დაემთხვა. 2016-2017 წლებში ჩინეთში, 29155 აგენტების ჯგუფის ჩასვლის შემდეგ, ამერიკელი დიპლომატები ჯანმრთელობის უცნაური პრობლემების შესახებ საუბარს იწყებენ. 2021 წელს საქართველოში, სადაც განყოფილება 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამერიკელი დიპლომატის მეუღლეს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მინორის სინდრომი დაუდგინდა. „უცნაური დამთხვევები“ ასევე დაფიქსირდა ბელგრადსა და ჰანოიში 2021 წელს.


თბილისი გამოძიების მასალებში

დაზარალებული 2021 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, დიღომში - სადაც „ამერიკული სოფელი“ მდებარეობს, მომხდარ შემთხვევას აღწერს.  ჟურნალისტებთან ამერიკელი დიპლომატის - იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს ცოლი ჰყვება, რომ თბილისში, დიღომში სახლში ყოფნისას მოულოდნელად დაეწყო ყურისა და თავის გაუსაძლისი ტკივილი და გულისრევა [მისი სახელი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეცვლილია]. უსაფრთხოების ტრენინგის გათვალისწინებით, მას შემდეგ, რაც უცნაურად იგრძნო თავი, კამერა შეამოწმა; ნახა, რომ გარეთ შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი იდგა; გარეთ გავიდა და დაინახა, რომ იქვე ქერა ახალგაზრდა კაცი იდგა. როგორც კი ფოტოს გადასაღებად კამერა ასწია, ახალგაზრდა, მაღალი კაცი მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. რესპონდენტი ამბობს, რომ მოგვიანებით, ეს პირი ამოიცნო, როგორც ალბერტ ავერიანოვი, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, GRU-ს აგენტი.


გამოძიების თანახმად, ავერიანოვი მუშაობს GRU-ს ელიტურ ქვედანაყოფში, - „ქვედანაყოფი 29155“ - რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ოპერაციაზე პასუხისმგებელი, მათ შორის, სკრიპალების მოწამვლასა და ჩეხეთში, ქალაქ ვრტებიცეში საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან.

გამომძიებელი ჟურნალისტები - ხრისტო გროზევი, მაიკლ ვაისი და რომან დობროხოტოვი - წერენ, რომ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ „ქვედანაყოფი 29155-ის“ ერთმა ოფიცერმა მიიღო სახელფასო ბონუსი „არა-ლეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციური შესაძლებლობის“ შესახებ მუშაობის გამო. მათი განმარტებით, ეს ტერმინი რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერს „ულტრაბგერით და რადიოტალღებზე დაფუძნებულ ენერგიის მოწყობილობებს.“


როგორც ჟურნალისტების საგამოძიებო მასალებშია ნათქვამი, მედიის ერთობლივმა გამოძიებამ "ჰავანას სინდრომთან“ დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები გამოავლინა.  გადაცემა 60 წუთის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ხუთწლიანი გამოძიების დასკვნები მიუთითებს, რომ რუსეთის GRU-ს განყოფილება - 29155 შესაძლოა, ე.წ. „ჰავანის სინდრომის“ უკან დგას.


„ახალი მტკიცებულება გვთავაზობს, რომ „სავარაუდოდ, თავდასხმები მანამდე, ორი წლით ადრე ფრანკფურტში, გერმანიაშიც მოხდა, როდესაც აშშ-ის მთავრობის თანამშრომელი, რომელიც იქ მდებარე საკონსულოში იმყოფებოდა, უგონო მდგომარეობაში ჩავარდა, “იუწყება The Insider. მას მოგვიანებით, ტვინის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს.


გრეგ ედგრინმა, ახლახან გადამდგარმა არმიის ლეიტენანტმა-პოლკოვნიკმა, რომელიც "ჰავანის სინდრომის" შესახებ, 2021 წლიდან 2023 წლამდე თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს გამოძიებას აწარმოებდა, CBS-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის თავს ესხმის პუტინის რეჟიმი. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი დგას ამ თავდასხმების უკან და რომ ისინი შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განეიტრალების მიზნით, მსოფლიო კამპანიის ნაწილია.


ედგრინმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მასშტაბით მოქმედი ოფიცრების 5%-10% დაზარალდა და აქ თანმიმდევრულად არსებობდა რუსეთის კავშირი.“

მან საჯაროდ პირველად ისაუბრა ამ საკითხზე.

ცნობისთვის, "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები "ანომალიურ ინციდენტებად" (AHI) მოიხსენიებენ, შეიძლება, იწვევდეს თავის უკიდურეს ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურის ტკივილს. ამ მდგომარეობას ეწოდა "ჰავანას სინდრომი", რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად  აშშ-ის საელჩოში, კუბის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა.