უკრაინა ყოველთვიურად Bohdana-ს ტიპის 8 თვითმავალ ჰაუბიცას აწარმოებს - NYT

უკრაინამ Bohdana-ს ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის წარმოება თვეში 8 ერთეულამდე გაზარდა. The New York Times-ის ცნობით, ადრე ეს რიცხვი 6 ერთეული იყო. მანამდე, წარმოების 6 ერთეულამდე ზრდის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


„ახლა უკრაინის იარაღის ინდუსტრია ყოველთვიურად აშენებს რვა თვითმავალ Bohdana-ს საარტილერიო სისტემას და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები არ აცხადებენ, თუ რამდენი დაამზადეს მათ მთლიანობაში, გაზრდილი გამომუშავება მიანიშნებს ქვეყნის შიდა იარაღის წარმოების პოტენციურ ბუმზე,“ ნათქვამია სტატიაში.

მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის საწარმოებმა ჯავშანტექნიკის წარმოება სამჯერ, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება კი, ოთხჯერ გაზარდეს.


Bohdana არის უკრაინული წარმოების ბორბლებიანი 155 მმ თვითმავალი საარტილერიო სისტემა. მისი განვითარება სულ მცირე 2018 წელს დაიწყო. Bohdana გახდა პირველი უკრაინული SPH, რომელიც NATO-ს სტანდარტით შეიქმნა.

2022 წელს ჰაუბიცა პირველად გამოიყენეს რუსეთის მიერ იმჟამად ოკუპირებულ კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლაში. წელს ის ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია.