Bloomberg: NATO უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეით გამოდის

NATO უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც 5 წლის განმავლობაში წევრი სახელმწიფოები ჯამში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანებს დაგეგმავენ. გამოცემის წყარო ამბობს, რომ ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის იდეას და შენატანების გადანაწილების მექანიზმს.


წყაროები აღნიშნავენ, რომ წინადადება, დიდი ალბათობით, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ.

პაკეტის ნაწილად, NATO-მ ასევე შეიძლება, თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინის” ფორმატი) ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც კიევისთვის იარაღის მიწოდებების კოორდინაციას ახდენს.

NATO-სა და თეთრ სახლში აღნიშნულ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებიათ.