Reuters: სანქციებისა და ტანკერების ნაკლებობის გამო, რუსეთი გაზის გათხევადების პროექტს აჩერებს

სანქციებისა და ტანკერების დეფიციტის გამო, რუსეთის უმსხვილესმა თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მწარმოებელმა Arctic LNG 2-ის პროექტში წარმოება შეაჩერა. „Novatek-მა წარმოება Arctic LNG 2-ის პროექტში სანქციების და ტანკერების დეფიციტის გამო შეაჩერა,“ განუცხადა Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ. Novatek-მა, რომელმაც LNG-ის საცდელი წარმოება დეკემბერში, ქარხნის დაგეგმილი სამი მატარებლიდან პირველზე დაიწყო, კომენტარის თხოვნას არ უპასუხა.


„მატარებელი პირველი ივნისის ბოლომდე დაკეტილი დარჩება,“ - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ პროექტისთვის სამშენებლო სამუშაო ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

წყაროების თქმით, მთავარი პრობლემა იყო სპეციალიზირებული ტანკერების ნაკლებობა, რომლებსაც LNG-ის ტრანსპორტირება შეეძლოთ. Novatek-ის ცნობით, Arc7 ყინულის კლასის 15 ტანკერი, რომლებსაც 2 მეტრის სისქის ყინულის გაჭრა შეუძლიათ, რუსეთის გემთმშენებელ ქარხანაში Arctic LNG 2-ისთვის აშენდება. ყინულის კლასის ტანკერებს, როგორც წესი, ორმაგი კორპუსი აქვთ.