გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პუტინის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკა დაგმეს. „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანალენა ბარბოკის, სტეფან სეჟურნესა და რადოსლავ სიკორსკის სტატიის თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აჩვენა, რომ ასეთი პოლიტიკა გულუბრყვილოა. მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად სამი ნაბიჯი დაასახელეს.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ასახელებენ სამ ნაბიჯს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. პირველ ნაბიჯად დასახელებულია მშპ-ს, სულ მცირე, ორი პროცენტის დახარჯვა იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც საჭიროა კოლექტიური თავდაცვისთვის;
ევროპელი დიპლომატები მეორე ნაბიჯად ასახელებენ კონტინენტის სრული ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებას სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, წარმოების გასაძლიერებლად და წარმოების მასშტაბის გასაზრდელად. ამ კუთხით, პრიორიტეტად დასახელებულია ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიებისთვის სავალდებულო გრძელვადიანი კონტრაქტები, მკაფიო ვადები, ფიქსირებული ფინანსური ვალდებულებები და მთავრობებისგან შესყიდვის გარანტიები; მესამე ნაბიჯად განსაზღვრულია ინვესტიცია სამომავლო ტექნოლოგიებში, რათა შენარჩუნებული იყოს ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა.
„მზარდი საფრთხეებისა და უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის ვალდებულებას, გაიზარდოს საერთო თავდაცვისთვის მზადყოფნა და შესაძლებლობები თავისი საჭიროებებისა და ამბიციების შესაბამისად. ევროპის მშვიდობისთვის რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს.
ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ „ნაცრისფერი ზონები“, რადგან პუტინი მათ განიხილავს, როგორც მიწვევას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის მიზნით, რუკაზე წარმოსახვითი ხაზების დასახაზად და, საბოლოო ჯამში, სამხედრო ძალის გამოსაყენებლად. უკრაინაში მისმა სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ასევე დაამტკიცა, რომ გულუბრყვილოა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკა იმ იმედით, რომ ამას შეეძლო მშვიდობის ან სტაბილურობის დაბრუნება კონტინენტზე.
სწორედ ამიტომ, ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა აიღონ NATO-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი და გამოავლინონ მზადყოფნა, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის თავდაცვაზე,“ – აღნიშნულია სტატიაში.