დავითაშვილის თქმით, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და საერთაშორისო გადაზიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. ლევან დავითაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ელექტროენერგიის გენერაციის საშუალოწლიური ზრდა ბოლო სამ წელიწადში 9%-ს გაუტოლდა (ჯამურად 2020 წელთან შედარებით გენერაცია გაზრდილია 29%-ით). ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში და 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა.


გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მისი უწყება მუშაობას გააგრძელებს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდა საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკული მიმართულებით და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ 22%-ით, ხოლო სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, ჯამურად 2020 წელთან შედარებით 92%-ით არის გაზრდილი.

პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით - სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.