ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინასა და ფინეთს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულების ტექსტშია ნათქვამი.

„უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ფინეთის მიერ 30 მილიონი ევროს გამოყოფის გათვალისწინებით, 2024 წელს უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერა უკვე 400 მილიონ ევროს აღემატება,“ - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.


დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ფინეთი უკრაინისთვის დამატებით ორ დახმარების პაკეტს გამოყოფს.

ცნობისთვის, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფინელმა კოლეგამ ალექსანდრ სტუბმა კიევში, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების 10 - წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„ეს ძლიერი დოკუმენტია, რომელიც ფინეთის მზადყოფნას ადასტურებს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ფინეთის გარდა, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები უკვე შვიდ სახელმწიფოსთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, კანადასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გააფორმა.