ყირგიზეთის ბანკებმა შეაჩერეს ტრანზაქციები რუსული ბარათებით, რომლებიც MIR-ის გადახდის სისტემის ნაწილია. 3 აპრილიდან, ხსენებული ბარათის მფლობელებს სერვისის მიღების პრობლემა შეექმნათ, რაც გადარიცხვის ოპერაციებზე აისახა.
2024 წლის თებერვალში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლზე პასუხისმგებელი დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის OJSC-ს - Mir-ის გადახდის სისტემის ოპერატორს. მეორადი სანქციების რისკის შესამცირებლად ყირგიზული მხარე იძულებული გახდა, უარი ეთქვა რესპუბლიკის ტერიტორიაზე Mir-ის ბარათებით ოპერაციებზე.
ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ არ აქვს უფლება, ჩაერიოს კომერციული ბანკების მუშაობაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბანკებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, გადახდის რომელ სისტემასთან იმუშავებენ.
ქვეყნის გადახდების ადგილობრივმა ოპერატორმა აღნიშნა, რომ ამ ბარათების მომსახურება მიმდინარე კვირიდან შეჩერდება. მან მიზეზად მეორადი სანქციების რისკი დაასახელა.