ზელენსკი: რუსეთი ივნისისთვის 300 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი პირველ ივნისს 300 000 სამხედრო მოსამსახურის დამატებით მობილიზაციას ამზადებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ პირველ ივნისს რუსეთი ემზადება დამატებითი 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ კიევში ფინეთის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტების კითხვას, რამდენი რეკრუტი იქნება მობილიზებული უკრაინის არმიაში წელს, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ნახევარი მილიონი არ გვჭირდება.“

„რაც შეეხება კონკრეტულ რაოდენობას, ვინც მობილიზდება, ვერ გეტყვით... ჩვენ არ გვჭირდება ნახევარი მილიონი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მან არ დააკონკრეტა, გულისხმობდა თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს, თუ 300 ათასი ადამიანი სხვა გზებით შეგროვდება.


3 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანი აიყვანეს სამხედრო სამსახურში კონტრაქტით. ასევე 1 აპრილს დაიწყო საგაზაფხულო გაწვევა, რომლის დროსაც სამხედრო სამსახურში 150 ათასი ადამიანის გაწვევა იგეგმება. ამავე დროს მოხდება შესაბამისი რაოდენობის გაწვეულთა დემობილიზაცია.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადებას.


ზელენსკიმ სტუბთან გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ უკრაინის იერიშს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

ზელენსკის თქმით, კრიტიკოსები უნდა ჩავიდნენ უკრაინის ქალაქებში, რომლებზეც რუსეთის თავდასხმები ხორციელდება.

„რუსეთს არაფერი ესმის, გარდა ძალისა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, „მხარი დაუჭირონ უკრაინის პასუხებს.“ უკრაინელი სამხედროები, როგორც წესი, არ აკეთებენ კომენტარს რუსეთის ტერიტორიაზე სავარაუდო თავდასხმებზე, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შემთხვევაში კიევი ფაქტობრივად ღიად ადასტურებს, რომ მათ სწორედ უკრაინა ახორციელებს და ხაზს უსვამს, რომ საუბარია ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე (რასაც რუსეთი უარყოფს). შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ამ დარტყმებს.