დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ქოლერის მასობრივი შემთხვევები ფიქსირდება, იტყობინება მარიუპოლის ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო. მისივე თქმით, ბავშვებში დაავადების შემთხვევები ფიქსირდება. მან ოკუპირებული ქალაქის მოსახლეობას ურჩია, დაიცვან კონკრეტული წესები.
რუსულმა ძალებმა 2022 წლის გაზაფხულზე, თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მარიუპოლი დაიპყრეს. ამის შემდეგ ოკუპანტებმა დანგრეული ქალაქი თავიანთ სამხედრო ბაზად აქციეს. ინტერნეტში გამოქვეყნებული სატელიტური სურათების მიხედვით, რუსი ოკუპანტების მიზანია მარიუპოლის რუსეთის ქალაქებთან, როგორიცაა, როსტოვი და ტაგანროგი, ასევე, დონბასის რეგიონის სხვა დიდ ქალაქებთან დაკავშირება.
მათ უკვე დაიწყეს გზის მშენებლობა. ცოტა ხნის წინ უკრაინულმა სამხედრო ძალებმა შეძლეს მარიუპოლის მახლობლად მტრის ტექნიკის კონცენტრაციაზე დარტყმა. როგორც უკრაინული მედია წერს, როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები და ჯავშანტექნიკა ამოიღეს მიზანში.