საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, რაც პირველი ასეთი კომუნიკაცია იყო 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. მის შესახებ Le Monde საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეზე დაყრდნობით იუწყება. საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, პირველ რიგში მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა. აღნიშნულია, რომ ლეკორნუმ დაგმო 22 მარტს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოსკოვთან განხორციელებული ტერაქტი და სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპულებსა და მათ ოჯახებს.
მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია, რადგან პარიზს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ტერაქტთან უკრაინის რაიმე კავშირს დაადასტურებდა. როგორც ცნობილია, რუსეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.
სებასტიან ლეკორნუმ ასევე დაგმო ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და დაარწმუნა შოიგუ, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ვიდრე საჭირო იქნება მის ბრძოლაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა დაბრუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცინიკური უწოდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, დააკავშიროს მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული თავდასხმები უკრაინასთან და აღნიშნა, რომ საფრანგეთის დაზვერვისა და პარტნიორების ინფორმაცია მიუთითებს ISIS-ის ჩართულობაზე. მან ასევე განმარტა რომ ისლამური სახელმწიფოს იგივე ფილიალმა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის ტერაქტზე, რამდენიმე თავდასხმის მცდელობა ჰქონდა საფრანგეთშიც. შეგახსენებთ, ლონდონმა და აშშ-მ რუსეთის განცხადებებს ტერაქტში დასავლეთისა და უკრაინის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, „სრული სისულელე“ უწოდეს.