აშშ-ის არმია ფინეთში, შვედეთში ან ნორვეგიაში იარაღის დიდი საწყობის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ აშშ-ს არმიის მატერიალური სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ მოჰანმა გლობალური ძალების ყოველწლიურ სიმპოზიუმზე განაცხადა.
„არქტიკის რეგიონში საბრძოლო მასალის შენახვა საშუალებას მისცემს აშშ-ის არმიას, უკეთ გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს ექსტრემალური სიცივე მასალებზე და რა შეუძლია, გააკეთოს იმისათვის, რომ არმია უფრო ეფექტიანი გახდეს ზამთარში,“ აღნიშნა მოჰანმა.
მან არ გაამხილა ახალი საწყობების შესაძლო ადგილები ევროპაში, მაგრამ სიმპოზიუმზე ვარაუდობდნენ, რომ ნორვეგია იყო ერთ-ერთი შესაძლო ლოკაცია, იუწყება Breaking Defense. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ საწყობის მასპინძლობით ფინეთი და შვედეთიც არიან დაინტერესებულნი.
თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს, შექმნას ახალი სამხედრო მარაგის საწყობი თავისი არმიისთვის, მის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა AMC-ს დაეკისრება. ეს არის უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელშიც დასაქმებულია დაახლოებით 165,000 ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოქალაქე და ქვეკონტრაქტორი.
აშშ-ს არმია ინარჩუნებს ე.წ. წინამდებარე სადგურებს (APS) მთელ მსოფლიოში. ეს ცივი ომის დროინდელი პრაქტიკაა. APS-ის საწყობები განლაგებულია მათი დანიშნულებისამბერ გამოყენებასთან ახლოს. ისინი ამცირებენ სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის საჰაერო ან საზღვაო გზით გადატანის აუცილებლობას საბრძოლო ზონაში, კრიზისულ სიტუაციაში. აშშ-ის არმიას აქვს ექვსი დიდი APS საცავი ევროპაში: ორი გერმანიაში, თითო ნიდერლანდებში, ბელგიაში, პოლონეთსა და იტალიაში. იტალიაში არსებული საწყობი მხარს უჭერს NATO-ს ოპერაციებს აფრიკაში.
ცნობისთვის, ფინეთმა და შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.