ევროკავშირი სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განიხილავს - ელჩი

ევროკავშირმა და სომხეთმა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა გააძლიერეს და გააუმჯობესეს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა სომხეთში ვასილის მარაგოსმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი რეგიონში ჩართულობას ინარჩუნებს და რეგიონში მშვიდობისა და ნორმალიზაციის ხელშეწყობის სრულად ერთგულია.

„სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი განიხილავს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, არალეტალურ მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების არსებითად გასაძლიერებლად - ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში,“ - განაცხადა ელჩმა.


მანვე აღნიშნა, რომ სომხეთისა და ევროკავშირს შორის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგი ყალიბდება და სომეხი ხალხის ამბიციაა, ჩამოაყალიბოს დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორობას კიდევ უფრო გაზრდის.

ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, ვიზიარებთ ჩვენს ერთგულებას მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ ძალიან კონკრეტულ შედეგებს,“ - განაცხადა ვასილის მარაგოსმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს, სომხეთთან პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.