რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი დანით დაჭრეს. რუსული სააგენტოების ცნობით, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჩიბისის მდგომარეობა მძიმეა. გუბერნატორი რეანიმაციაშია. კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს, რომ დაკავებული პირი ქალაქ აპატიტის მცხოვრები, 1981 წელს დაბადაებული ალექსანდრ ბიდანოვია. ის რკინიგზის თანამშრომელია. გუბერნატორზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ანდრეი ჩიბისი მურმანსკის ოლქის გუბერნატორია 2019 წლიდან.
როგორც მედია წერს, ანდრეი ჩიბისს 4 აპრილს, გვიან საღამოს დაესხნენ თავს ქალაქ აპატიტის კულტურის სახლთან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდა. შენობიდან გამოსულ ჩიბისს კაცი მიუახლოვდა და მუცელში დანით დაჭრა.
სახელმწიფო მედიასაშუალებები რუსეთის გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ასევე წერენ, რომ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა გვარდიის თანამშრომელმა, რომელიც სხვა ოფიცრებთან ერთად უზრუნველყოფდა მოსახლეობასთან გუბერნატორის შეხვედრის უსაფრთხოებას.