რუსეთის ქალაქ ენგელსში აფეთქებები იყო, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის, პროპაგანდისტული რესურსები წერენ, რომ ღამის განმავლობაში მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებები იყო აეროდრომის რაიონშიც.

უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი „სამიზნე გაანადგურეს.“

გოლუბევი ასევე ადასტურებს ელექტროქვესადგურის დაზიანებას, თუმცა სამხედრო აეროდრომის შესახებ არ საუბრობს.

რუსული წყაროების ცნობით, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებულია სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები.


ასევე აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოხდა, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად.

სარატოვის ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი ადასტურებს, რომ ენგელსზე შეტევა იყო. თუმცა, მის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, ერთ უპილოტო საფრენ აპარატს გულისხმობს თუ რამდენიმეს, რადგან დრონს შემოკლებული ფორმით(БПЛА) ახსენებს. ბუსარგინი წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, ხმელეთზე არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.


ენგელსში მდებარეობს რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზა, რომელზეც დრონებით არაერთი შეტევა იყო, მათ შორის, 2024 წლის 20 მარტსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ენგელსის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ეს შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა ხშირია. რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში." ამასთან, უკრაინის სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ანონიმურობის დაცვის პირობით, მედიასაშუალებებს უდასტურებენ, რომ რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევები უკრაინის სპეცოპერაციაა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.