ისრაელმა 28 საელჩოს მუშაობა შეაჩერა - მედია

ისრაელის ხელისუფლებამ ირანის მუქარების ფონზე, სხვადასხვა ქვეყანაში 28-მდე დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურა. Sky News Arabia. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაზარდეს მისი საჰაერო ძალების საბრძოლო მზადყოფნა და საჰაერო თავდაცვა, ასევე გააუქმეს სამხედრო შვებულება.


მანამდე, ერთი დღით ადრე, რადიოკომპანია KAN-მა გაავრცელა ინფორმაცია ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებიდან ისრაელელი დიპლომატების ევაკუაციის შესახებ. დიპლომატიური წარმომადგენლები ასევე გააფრთხილეს, არ მიეღოთ მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში. ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზულად ეკიდება ნებისმიერ საფრთხეს და მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის.


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 4 აპრილს აცხადებდა, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ისრაელს საკადრისი პასუხი გაეცემა. „ღაზის სექტორში, სიონისტური რეჟიმის დამარცხება გაგრძელდება და ეს რეჟიმი მიუახლოვდება დაცემას და დაშლას. სასოწარკვეთილი მცდელობები, როგორიც სირიაში განხორციელდა, მათ დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს. რა თქმა უნდა, ამ ქმედებისთვის მათაც სილას გააწნავენ,“ - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში სირიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ირანის საკონსულოს შენობა განადგურდა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპა 13 ადამიანი. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის, ორი გენერალი, დაიღუპა.