PACE-ს თანამომხსენებლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას მოითხოვენ

საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო, დღეს ღრმა შეშფოთება გამოხატეს.


"უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ამ წინადადებაზეც ძალაში რჩება - არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან," - წერენ თანამომხსენებლები.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.