ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, თუმცა ასეთი გეგმები ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბრები, რომელიც გაიმართა უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციურ გაგზავნაზე, რეალურად არ ეხებოდა საბრძოლო დანაყოფებს რუსულ ძალებთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის.
„ამჟამად ჩვენ არ ვაპირებთ ჯარების გაგზავნას. არ მგონია, ბევრ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი გეგმები. მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში, არ ვფიქრობ, რომ პრინციპში რაიმე უნდა გამოვრიცხოთ,” - აღნიშნა ეიდემ.
მისი თქმით, NATO-ს სურს, უკრაინის მხარდაჭერა იმ დონეზე, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს და რუსეთმა ვერ შეძლოს გამარჯვება.
„მაგრამ არ არის სურვილი, ვიყოთ ომში პირდაპირი მხარე, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს მსოფლიო ომი, რომლის დანახვა ჩვენ არ გვინდა,“ - განაცხადა მინისტრმა.
მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნა არ არის გამორიცხული.