დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით,, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სახელმწიფო კონტროლი დაამყარა 180-მდე კომპანიაზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 11,5 მილიარდი დოლარია.
დაზვერვის თანახმად. რუსეთის ხელისუფლება დაყადაღებულ აქტივებს კრემლის იმ ერთგულ ბიზნესმენებს შორის ანაწილებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ბრიტანეთის სადაზვერვო უწყება ამ ნაბიჯებს ასევე უკავშირებს პრეზიდენტ პუტინის 2024 წლის თებერვლის მიმართვას, რომელშიც უკრაინაში ომის გავლენის ქვეშ ქვეყანაში ახალი ელიტის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა.
„პრიორიტეტულია უცხოური მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების კომპანიები. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია სახელმწიფოს სურვილით, შეამციროს უცხოური (კერძოდ, დასავლური) კავშირები რუსეთის ეკონომიკასთან," - ნათქვამია ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის დასკვნაში.
სახელმწიფოს საკუთრებაში საწარმოების დაბრუნებას არც რუსეთის ხელისუფლება არ უარყოფს, მაგრამ მოსკოვი აცხადებს, რომ საქმე ეხება მხოლოდ სამხედრო პროფილის საწარმოებს, რომლებიც კერძო პირთა საკუთრებაში მოხვდა.
2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით სახელმწიფო საკუთრებაში 333 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების სამხედრო-სამრეწველო პროფილის 15 საწარმო დააბრუნა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის მასშტაბით სამხედრო ქარხნების ასეთ აქტიურ განვითარებას სამხედრო ექსპერტები იმით ხსნიან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, არ აპირებს ომის დასრულებას უახლოეს წლებში და, შესაბამისად, ასობით მილიარდ რუბლს ხარჯავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 2022 წელს რუსეთში ინფლაციამ 11.94% შეადგინა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის სამხედრო ხარჯების ზრდა ინფლაციას აძლიერებს და რუსეთის მთავრობას აიძულებს რთული გადაწყვეტილებების მიღებას. ამის შესახებდიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა 23 ოქტომბერს წერდა.