რუსეთში, ხაბაროვსკში რადიაციის მაღალი დონის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის ხელისუფლება 5 აპრილს იტყობინება, რომ ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში საგანგებო მდგომარეობა რადიაციის დონის გაზრდის გამო გამოცხადდა.

რაიონში შესვლა შეიზღუდა, რადგან სპეციალისტები რადიაციის წყაროს დადგენაზე მუშაობენ.


ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

საინფორმაციო სააგენტო RBK წერს, რომ ტერიტორიაზე, სადაც რადიაციის მაღალი დონე დაფიქსირდა, ჯართის შემგროვებელი ცენტრია განთავსებული.

ხაბაროვსკის სპეციალიზებული ქარხანა „რადონის“ თანამშრომლები ამ დრომდე რადიაციის წყაროს პოვნას ცდილობენ, რათა ის უსაფრთხო ადგილზე გადაიტანონ და გაანადგურონ.