უკრაინა გამოდის წინადადებით, რომ საერთაშორისო სანქციების პოლიტიკის ფარგლებში აიკრძალოს საჰაერო ავიატრანზიტი რუსეთსა და ბელორუსში. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. შმიგალის თქმით, საჰაერო ტრანზიტის აკრძალვის იდეა მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შეზღუდვას და სანქციების ზეწოლის გაზრდას.
„რუსული ბიზნესი, რუსი ტურისტები კომფორტულად ვერ უნდა იყენებდნენ ევროკავშირის ცას თავისი მიზნებისთვის. ცა დაკეტილია რუსული და ბელორუსული თვითმფრინავებისთვის, მაგრამ ინიცირებას მოვახდენთ და პარტნიორებთან ეს იდეა - რუსეთსა და ბელარუსში ან რუსეთიდან და ბელორუსიდან ნებისმიერი გადაფრენებისთვის ტრანზიტის ჩაკეტვა განვიხილეთ,“ - განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, ეს საავიაციო ლოგისტიკას უფრო გააძვირებს და დისკომფორტს მოუტანს რუს ტურისტებს.
„ასეთი სახის სანქციების შემოღებას დაჟინებით მოვითხოვთ და დარწმუნებულები ვართ, რომ პარტნიორები ლიეტუვიდან, ესტონეთიდან და ლატვიიდან ასეთ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ევროკომისიასთან ვიმუშავებთ,“ - განაცხადა შმიგალმა.