ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 98-ე დივიზიის სამხედროები ქალაქი ხან იუნისიდან გამოიყვანეს.
ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთი, ნაჰალის ბრიგადა რჩება, რომელსაც აკისრია ე.წ. ნეცარიმის დერეფნის კონტროლი. ეს მონაკვეთი ღაზის სექტორისა და ისრაელის სამხრეთით მდებარე ბეერის ნაწილს აკავშირებს. ამ მონაკვეთის კონტროლით ისრაელს შეუძლია რეიდების მოწყობა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზის სექტორში.
ცნობისთვის, ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეთანხმებას ჰორიზონტზე. განსხვავება (მხარეებს შორის) ჯერ კიდევ დიდია და აქამდე არაფერი დრამატული არ ყოფილა“, - ციტირებენ Channel 12 და Ynet-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.