გახარიას პარტია პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთ ალტერნატივას აინიცირებს

პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში "აგენტების კანონპროექტის" კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს აინიცირებს. პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი "არც იარლიყების მიწებებას ითვალისწინებს" და "საჭიროზე მეტ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს."


ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი - ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას.

ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს არეგულირებს, უნდა დაემატოს ჩანაწერები:

ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში; წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობასა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას; წარდგენილი ანგარიშგებები გამოქვეყნდება საჯაროდ.


"ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მით უმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას", - ამბობს ბექა ლილუაშვილი და აზუსტებს, რომ მიდგომა გრანტის მიმღები ყველა იურიდიული პირისთვის საერთოა: "შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვა პირები მთავრობის დადგენილებით.“ ბექა ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს ამ ალტერნატიულ კანონპროექტს.


პარტიამ "საქართველოსთვის" კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი რამდენიმე დღის წარადგინა. ის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს, დარეგისტრირდება. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.