მეთიუ მილერი: ნათლად ვამბობთ, რომ ამ კანონპროექტით შეშფოთებულნი ვართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.


„ჩვენი პოლიტიკა არის ის, რაც ნათლად გამოვხატეთ ჩვენს განცხადებაში, რომ ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ის დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ის საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და შეშფოთებულნი ვართ, რომ კანონი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე წვდომისთვის.


ამდენად, ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ არის მიღებული, ამიტომ, შესაძლო პოტენციური შედეგებსა და რაიმე შესაძლო ნაბიჯებს, რომლებიც შესაძლებელია, რომ გადავდგათ, დღეს ნამდვილად არ ვისაუბრებ,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა.


ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დამაზუსტებელ კითხვას, შარშან მკაფიოდ განაცხადეთ, რომ თუ რომელიმე დეპუტატი კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, დასანქცირდებოდა. რატომ იკავებთ თავს მსგავსი გზავნილისგან ახლა? მილერმა უპასუხა:

„ახლა ნათლად ვამბობთ, რომ ამ კანონპროექტით შეშფოთებულნი ვართ. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ, თუ ის (კანონპროექტი) წინ წაიწევს, განაგრძეთ თვალყურის დევნება. დღეს ვერაფერს განვაცხადებ,“ - აღნიშნა მილერმა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.


„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.


5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.