რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა, მსხვერპლია პოლტავაში

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 9 აპრილს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქს 20 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან და 4 საზენიტო მართვადი რაკეტით - დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.


საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 20-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ვინიცის და ლვოვის ოლქებში.

რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა პოლტავაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 10 ადამიანი. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დარტყმა იყო საერთო საცხოვრებელზე. დაზიანებულია ახლომდებარე სახლებიც.