„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში.
საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს და იცავენ მათ უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ.
სამ ათწლეულზე მეტია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს სანდო პარტნიორია, მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად.
შეგახსენებთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ანალიტიკურ შეფასებას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნითა და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან კონსულტაციით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
ამასთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიყენა დაჩქარებული პროცედურა სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გასაუქმებლად.
საქართველოში საარჩევნო გენდერული კვოტირების დროებითი მექანიზმის შემოღება იყო გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დიდი ხნის რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქალთა სისტემური გარიყვის კომპენსირებას. მისი გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყოველი ღონე იხმაროს იმ ქმედებათა თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“ წერია გაცხადებაში.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია