ხარკოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აგრესორ სახელმწიფოსთან - რუსეთის ფედერაციის საზღვართან თავდაცვითი სტრუქტურებისა და ფორტიფიკაციის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამ ინფორმაციას ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ხარკოვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მზად უნდა ვიყოთ და რუსებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ თავი. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მზადაა იმ შემთხვევაში, თუ მტერი შეეცდება წინსვლას,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ იდგმება ბლოკადები: ბეტონის პირამიდები, ე.წ. „დრაკონის კბილები“, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და სხვა თავდაცვითი საშუალებები.
საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის პროექტი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის პირველ ხაზზე მებრძოლების გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.