შმიგალი: ვცდილობთ, რუსული ნაღმების განეიტრალებას ათწლეულები არ დასჭირდეს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინაში, დაახლოებით, 156 ათასი კვადრატული კილომეტრი - ქვეყნის ტერიტორიის 26%, პოტენციურად საშიშია რუსული ნაღმების გამო.


პრემიერის თქმით, მთავრობა მიზნად ისახავს განაღმვის ეფექტიანი ბაზრის შექმნას.

„ვცდილობთ, შევქმნათ ეფექტიანი ბაზარი ნაღმების გაწმენდისთვის, მოვიზიდოთ მაქსიმალური ინოვაციები და დავიწყოთ აღჭურვილობის მასობრივი წარმოება, რათა რუსული ნაღმების განეიტრალებას წლები დასჭირდეს და არა ათწლეულები,“ - განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ნაღმებისგან გაწმენდაში უკვე ჩართულია ორი სერტიფიცირებული შიდა მანქანა, ასევე მიმდინარეობს მესამის გამოცდა.


შმიგალმა აღნიშნა, რომ შეიქმნა ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო კოალიცია, რომელმაც სექტორში 700 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა.

„წლის დასაწყისიდან 80 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე გამოკვლეულია, საიდანაც 74 ათასი ჰექტარი დავაბრუნეთ ექსპლუატაციაში, სერტიფიცირებულია 34 დანაღმული ოპერატორი, ათობით საწარმო გადის ამ პროცედურას. 750-მდე პიროტექნიკური ჯგუფი დაკავებულია განაღმვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რიცხვი მუდმივად მზარდი იყოს,“ - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.