ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპაში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი "აღარ არის ფანტაზია" და ევროპელებმა უნდა იპოვონ ახალი გზები კონტინენტზე პოტენციურად უფრო ფართო ომისთვის ფინანსურად მოსამზადებლად. ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთი ემუქრება ევროპას უკრაინაში ომითა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული თავდასხმებით.
„ომი დანამდვილებით ჩვენ ირგვლივაა, მაღალი ინტენსივობის კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარაა,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რეალობის უარყოფა შეუძლებელია.
„ის ხვალ არ დაიწყება, მაგრამ რეალობას ვერ უარვყოფთ. ჩვენ გვჭირდება სამთავრობოთაშორისო დაფინანსების ახალი მექანიზმი, რომელიც შეიძლება, შევადაროთ იმას, რაც ფინანსური კრიზისის დროს შევქმენით – ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შექმნეს ევროპული თავდაცვის სააგენტო, თუმცა არ დააფინანსეს ის,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპის თავდაცვის სააგენტო შექმნეს, მაგრამ საკმარისად არ დააფინანსეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა იპოვონ თავდაცვაში ინვესტიციების დაჩქარებისა და გაზრდის გზები.