აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის უკრაინას $138 მილიონი დოლარი გამოუყო. შესაბამისი პაკეტი დეპარტამენტიმა უკვე დაამტკიცა.
„უკრაინას რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან და რუსული ძალების საჰაერო შესაძლებლობებისგან დასაცავად თავისი თავდაცვისუნარიანობის სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება,” - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას და მათ სარემონტო მომსახურებას მოხმარდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Hawk-ის სისტემების შენარჩუნება უკრაინის ძალისხმევას, რომ მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას, კიდევ უფრო გააძლიერებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ HAWK-ის სისტემის დაფინანსება შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებშია, ამიტომ, მან იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ აქტის მიხედვით, „კონგრესის განხილვის მოთხოვნებზე“ უარი განაცხადა.
თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კონგრესს შესაძლო გაყიდვის შესახებ საჭირო შეტყობინება სამშაბათს მიაწოდა.
HAWK არის საშუალო დიაპაზონის, მიწა-ჰაერის კლასის მართვადი რაკეტა, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის დაფარვას დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მოქმედი თვითმფრინავების წინააღმდეგ.