ფინური გამოცემა Iltalehti-ი წერს, რომ ფინეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების შტაბ-ბინის გახსნა იგეგმება.
გამოცემის ცნობით, ფინეთში NATO-ს ძალების შტაბ-ბინის შექმნის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილ გრამმა განაცხადა.
„მოველით, რომ ვიქნებით ერთიანი რეგიონული თავდაცვის გეგმის ნაწილი და ერთი მეთაურობის ქვეშ. შესაბამისად, გვექნება ერთიანი თავდაცვა და შეკავება,“ – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.
Iltalehti-ს ცნობით, შტაბ-ბინა ფინეთის სამხრეთში, ქალაქ მიკელში განთავსდება და აშშ-ის ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაემორჩილება. გეგმის თანახმად, ახალ შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან 376 ოფიცერს გააგზავნიან.
მედიის ინფორმაციით, ახალი შტაბ-ბინის საკითხი, სავარაუდოდ, ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც დადგება დღის წესრიგში.
შეგახსენებთ, ფინეთი ნატოს 31-ე წევრი 2023 წლის აპრილში გახდა