სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი არამხოლოდ შეუთავსებელია, არამედ, ხშირად ეწინააღმდეგებიან და სერიოზულ საფრთხესაც კი უქმნიან ერთმანეთს. ფაშინიანი ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ისტორიული სომხეთის ფსიქოლოგიის და ტრადიციების მატარებელი იყო და მხოლოდ 2022 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავარი ფაქტორი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მხოლოდ 2022 წლის სექტემბრის სამხედრო ოპერაციების, კერძოდ, ჯერმუკზე თავდასხმის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა შეიძლება გადამწყვეტი გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მისივე განცხადებით, ამ მომენტიდან დაიწყო მიმდინარე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური პროცესი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რეალური სომხეთისა და ისტორიული სომხეთის დელიმიტაციის პროცესი.
„ეს პროცესი არ არის იმაზე ადვილი, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. ისტორიული სომხეთი არ აღიარებს რეალური სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ისტორიული სომხეთისთვის შემზღუდველი ფაქტორია.
ნებსით თუ უნებლიეთ, ისტორიული სომხეთი გამოძახილს ჰპოვებს მთელ რიგ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ამბიციები რეალური სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიების მიმართ, რადგან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, იგივე შემზღუდველი ფაქტორია ამ ქვეყნების მადისთვის,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.