ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სანქციების სიაში რუსი მილიარდერების მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის შეყვანის გადაწყვეტილება გააუქმა.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ შესაძლოა, მიხაილ ფრიდმანს, პიოტრ ავენსა და ვლადიმერ პუტინს ან მის გარემოცვას შორის სიახლოვე არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირმა იმის ჩვენება ვერ შეძლო, რომ მათ იმ მოქმედებებს ან პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, რომლებმაც უკრაინას ზიანი მიაყენეს.
რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებლები არიან, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს, „ალფა ბანკს“ ფლობს.
„საერთო სასამართლოს მიაჩნია, რომ საწყის აქტებში მოყვანილი არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული და მოცემულ სიებში ავენისა და ფრიდმანის შეყვანა გაუმართლებელი იყო,“ - ნათქვამია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ფრიდმანსა და ავენს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაუწესა.
ფრიდმანმა და ავენმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ევროკავშირს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, სანქცირების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომაც მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლია.
პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს, სანქცირებული არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ.