რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს? ეს არის კითხვა, რომლითაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა, "ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" - USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს მიმართა.
„მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება, დადგეს ამერიკის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ?" - ჰკითხა სენატორმა შაჰინმა სამანტა პაუერს, რომელიც სენატის წინაშე სააგენტოს წლიურ ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ წარდგა.
USAID-ის ხელმძღვანელის თქმით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვვის თავისუფლებაზე.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო.
ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არამხოლოდ აღიარებული, არამედ, ასევე - დაცულიც," - განაცხადა სამანტა პაუერმა სენატორ შაჰინის კითხვაზე პასუხად.
სენატორმა ჯინ შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს." ეს კი, მისი თქმით, არის "სვლა ევროპისკენ და უფლებები, რაც თან ახლავს დემოკრატიას, სრულ დემოკრატიას."