ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრები 10-11 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაცია კომიტეტის თავმჯდომარის, ელჩის დელფინ პრონკის ხელმძღვანელობით შეხვდა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები ასევე ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას (EUMM Georgia) ეწვევიან და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.
„დელეგაციის ჩამოსვლა არის ნაწილი რეგიონში უფრო დიდი ვიზიტისა, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სომხეთში (8-9 აპრილი), ასევე აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) და მიზნად ისახავს პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან რეგიონში.
საქართველოში კომიტეტის მიერ პირველი ასეთი ვიზიტის 7 წლის წინ განხორციელების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ არსებული მომენტის გამოყენების მნიშვნელობას.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირის კარი წევრობისთვის ახლა ღიაა.
კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
მოცემულ კონტექსტში, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით მკაფიო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საჭირო რეფორმები და წინსვლა შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მონაწილეობის მიდგომით, მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
დრო არ იცდის და ახლა არის დრო, შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის. დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებით და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის 2024 წლის 4 აპრილის განცხადება დაიმოწმა. ევროკავშირმა თავის ფუძემდებლურ ხელშეკრულებაში დაცულ საკუთარ ღირებულებებს ხაზი გაუსვა.
კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები. ევროკავშირი აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას და ხაზს უსვამს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ყველა დარჩენილი რეკომენდაციის გათვალისწინების საჭიროებას,“ წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციაში.