უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, Patriot-ის თავდაცვის სისტემების არასაკმარისმა მიწოდებამ რუსებს შესაძლებლობა მისცა, კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური გაენადგურებინათ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კულებამ უკრაინა-სლოვაკეთის სამთავრობო კონსულტაციების ფარგლებში განაცხადა.
კითხვას, განიხილა თუ არა ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსების მიერ ტრიპოლის თბოელექტროსადგურის განადგურების საკითხი, კულებამ უპასუხა:
„ამ თემას ვაყენებთ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი თემაა - მოგვეცით Patriot-ები. Patriot-ები რომ გვქონოდა, ჩვენ დღეს ამ ყველაფერს არ დავკარგავდით,“ - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით ისაუბრებს უკრაინული მხარე უცხოელ პარტნიორებთან - „საჰაერო თავდაცვის მიწოდების მაქსიმალური დაჩქარება.“
შეგახსენებთ, 11 აპრილს „ცენტრენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის მახლობლად მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა.