შეერთებული შტატების ხელისუფლება, ისრაელში მყოფ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს გადაადგილებას უზღუდავს. Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს მოუწოდა, თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიები არ დატოვონ.
„სიფრთხილის გამო, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ეკრძალებათ პირადი მიზნით მოგზაურობა დიდი თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიების გარეთ შემდგომ გაფრთხილებამდე,“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანი იმუქრება, რომ პირველ აპრილს დამასკოში, მისი საელჩოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის გამო, ისრაელის მიმართ საპასუხო ზომებს განახორციელებს.