საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, როგორც ახალ ეტაპს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაა.
„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ფედერალურმა კანცლერმა დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საუბარი ასევე შეეხო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროებაა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, სამართალდაცვით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ირაკლი კობახიძემ ოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასსაც შეხვდა. მთავრობის ცნობითვე, შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს.
აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.“
პრემიერის ვიზიტი პრეზიდენტ შტაინმაიერთან შეხვედრით დასრულდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
„ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელვიუს სასახლეში. გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღო და მასთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა განათლება დიუსელდორფში მიიღო და გერმანულად თავისუფლად საუბრობს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.