ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს.
„ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ,“ - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, მოელის, რომ ისრაელი ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში არის „ღრმა განხეთქილება“ ხისტი ხაზის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც სასტიკი შურისძიება სურთ და უფრო ზომიერ და საღად მოაზროვნე ფრაქციას შორის.
„ეს ფრაქცია საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ისე, რომ თავიდან აიცილონ პასუხის პასუხი,“ - აღნიშნა ბორელმა.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.