22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს. 

აპარატის განცხადებით, 2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ.

„მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი. 


საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში.


პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა. პოლიცია ცდილობს, შენობის შესასვლელი გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან, რომლებსაც კორდონს მიღმა გადაადგილება სურდათ.


როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, კადრებში ჩანს, დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ფიზიოლოგიური ხსნარით ირეცხავენ, ასევე ჩანს, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობა ფერადი ნივთიერებით არის დასვრილი. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა.


მანამდე, დეპუტატები საქართველოს პარლამენტის შენობას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გაკეთებული კორიდორის საშუალებით ტოვებდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დეპუტატების გამოსვლამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გზა გაათავისუფლა. უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, "თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან." „იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება."