გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განიხილავს.
„რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი მიმართული. გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის, კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზე. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის სწორედ პირველ რიგში, მეგობრების პასუხისმგებლობა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, არის პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. მისი თქმით, უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.
„ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კონკრეტულ ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც ცდილობდნენ - რევოლუციის მოწყობა, ამ შემთხვევაში, უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობები აღმოჩნდა წარუმატებელი.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეოპოლიტიკური მიზნის - ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.